ვის ახსოვს მომავალი წლის ბიუჯეტი?

საბა წიწიკაშვილი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესზე, მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მუშაობს. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა. გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ნათია ხაჩიურიც საქმის კურსში არ არის: `ვეცდები ისეთი პიროვნება შეგახვედროთ, რომელიც ამ საკითხში კომპეტენტურია~.  მოგვიანებით, მან მოუცლელობა მოიმიზეზა და გვითხრა, რომ ჯერჯერობით ასეთი პიროვნება ვერ იპოვა. გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ფორმირება კი მარტის თვიდან უნდა დაწყებულიყო.

ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები პირველ რიგში თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტზე უნდა მუშაობდნენ. ამ დოკუმენტის პროექტს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის პირობებში ამუშავებენ.

ბიუჯეტის შესახებ კანონში ისიც წერია, რომ პრიორიტეტების დოკუმენტი მუნიციპალიტეტის გამგეობის საშუალოვადიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. კერძოდ, სამუშაო გეგმა უახლოესი 3 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობიდან მხოლოდ საკრებულოს წევრი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ზურაბ როსებაშვილი გვესაუბრა. მართალია, ის საქმის კურსშია აღნიშნული დოკუმენტის შექმნის აუცილებლობაზე, თუმცა კონკრეტულად ვერ იხსენებს თუ როდისმე ადგილი ჰქონია მის განხილვას. მისი ვარაუდით, ამ საკითხზე, ალბათ, მუნიციპალიტეტში მუშაობენ.

ზურა როსებაშვილი: `რაც შეეხება 2013 წლის ბიუჯეტს, წესით,  მისი დაგეგმარება წლის დასაწყისში იწყება, სადღაც მარტის თვიდან და მთელი წლის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი აზრისა და იმ პრობლემების გათვალისწინება, რაც დღეს სოფელსა და ქალაქშია. მე ორი წელია საკრებულოში ვარ და ვუყურებ ბიუჯეტის შედგენას და მის დაგეგმარებას, მაგრამ ეს ტენდენცია არ მიმდინარეობს.

ამიტომ ჩვენ, ორი წლის განმავლობაში, ბიუჯეტის მხარდაჭერაზე უარი ვთქვით, რადგანაც ეს ბიუჯეტი არ არის შედგენილი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, რომ 2013 წლის ბიუჯეტიც ანალოგიური იქნება, როგორც 2011 და 2012 წლებისა~, – ამბობს ზურაბ როსებაშვილი.

ბიუჯეტის შესახებ კანონში ისიც წერია, რომ ყოველი წლის 15 ივლისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თითოეულ თვითმმართველ ერთეულს უგზავნის ინფორმაციას საფინანსო პარამეტრების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარჯავი დაწესებულება ხარჯების დაგეგმის კუთხით ფინანსთა სამინისტროს დაწესებულ პარამეტრებს არ უნდა ასცდეს.

`საფინასო პარამეტრების შესახებ, სიმართლე გითხრათ, მე ჩახედული არ ვარ. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგანაც მე საფინანსო კომისიაში არ ვარ და ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. პრიორიტეტებს რაც შეეხება, როგორც ადრე, ახლაც, ალბათ, დაიგეგმა გზა, წყალი, გაზი, მაგრამ დღესაც უამრავი სოფელი წყლისა და გაზის გარეშეა დარჩენილი.

მაგალითად, გუშინ ვიყავით სოფელ დიცში და ქორდში. ეს სოფლები უკვე ხუთი წელიწადია უწყლოდაა, ფაქტობრივად, უპატრონოდაა მიგდებული. თუ კახეთი სეტყვამ დააზარალა, ეს სოფლები უწყლოდაა. გადახმა ყველაფერი. მწვანილსაც კი მეზობელ სოფლებში ყიდულობს ამ სოფლის მოსახლეობა. მოსავალზე ლაპარაკიც ზედმეტია. რომელ პრიორიტეტებზეა საუბარი და რომელი ბიუჯეტის დაგეგმარებაზეა საუბარი?~ – გვითხრა ქრისტიან დემოკარატების წარმომადგენელმა.

მართალია, გორის მუნიციპალიტეტში ორი ოფიციალური დოკუმენტის შესახებ სასაუბროდ კომპეტენტური პირები ვერ `მოგვიძებნეს~, სამაგიეროდ, 2013 წლის ბიუჯეტის სავარაუდო პროექტი გამოგვატანეს. პროექტში წერია, რომ გორის მუნიციპალიტეტის შემოსავლები მომავალი წლისთვის 12 მლნ ლარი იქნება, შესაბამისად, ხარჯებიც ამ რაოდენობითაა გაწეილი. გასული წლების ბიუჯეტს თუ შევადარებთ, ფაქტობრივად, ის `გადაკოპირებულია~. დოკუმენტს ეტყობა, რომ მის შედგენაში მხოლოდ და მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სპეციალისტებს უმუშავიათ.

ბიუჯეტის შესახებ კანონში კი წერია, რომ თითოეული მხარჯავი დაწესებულება (კულტურული და სპორტული დაწესებულები და ა.შ.) ვალდებულია, საკუთარი პროექტი გამგეობას წარუდგინოს. ჩვენთვის წარმოდგენილ პროექტს კი მსგავსი დეტალური, პროგრამულად გაწერილი ინფორმაცია არ ახლავს.

დატოვე კომენტარი